ევროკავშირი სანქციებს უწესებს ჩეჩენ მოხელეებს გეებზე განხორციელებული რეპრესიების გამო

17 მარტს ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს სანქციების დაწესებას ჩეჩნეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული არიან გეი და ბისექსუალი მამაკაცების მიმართ რეპრესიებში.

ესენი არიან აბუზალიდ ვისმურადოვი და აიუბ კატაევი, რომლებსაც გაეყინებათ ანგარიშები და აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.
ევროკავშირის რამდენიმე ანონიმმა წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ წყვილს ბრალი ედება ლგბტ პირებისა და ჩეჩნეთის პრომოსკოვური რეჟიმის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის, ოპონენტთა დევნა-შევიწროებაში.

კატაევიც და ვისმურადოვიც მანამდე უკვე იყვნენ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ, ხოლო რამზან კადიროვს ევროკავშირმა კიდევ უფრო ადრე დაუწესა სანქციები, მის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის.

კატაევი ამჟამად ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველის უფროსად მუშაობს, ხოლო ვისმურადოვი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი და იმ სპეცდანიშნულების მეთაურია, რომელსაც ბრალი ედება რეგიონში მცხოვრები გეი მამაკაცების დევნაში.

გარდა ორი ჩეჩენი ოფიციალური პირისა, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს კიდევ 9 პირსა და 4 კომპანიას, მათ შორის, ჩინეთიდან, ერითრიიდან, ჩრდილოეთ კორეიდან და სამხრეთ სუდანიდან. ევროკავშირის ელჩების მიერ მხარდაჭერილი სანქციების სიას, 22 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ.