ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, დღეს შედგება "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.
საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დანიელსონი მხარეებს ცალ-ცალკე არაერთხელ შეხვდა.
კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.