ბულგარეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი

კომუნისტური პერიოდის მემორიალი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

ბულგარეთში - სოფიასა და პერნიკში - ხუთშაბათს დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ბულგარეთის ეროვნულმა ტელევიზიამ განაცხადა ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით. ტელეარხის თანახმად, სპეცოპერაცია ჩაატარა კონტრდაზვერვის სახელმწიფო სააგენტომ - „ეროვნულმა უსაფრთხოებამ“.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შესაძლოა დაკავებულ იქნა სოფიასა და პლოვდივის გზაზე, - იუწყება წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი bTV. ტელეარხის ცნობით, ამისთვის ქვეყნის უდიდესი ქალაქიდან გამავალ გზაზე მგზავრებს სათითაოდ შეუმოწმეს საბუთები. პოლიცია ამ ცნობაზე კომენტარს არ აკეთებს.

ტელეარხი „ახალი ტელევიზია“ აზუსტებს, რომ გზის გადაკეტვა და მგზავრების შემოწმება აუცილებელი გახდა, ვინაიდან ერთი ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა. ბულგარული მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ბულგარელი საჯარო მოხელეა, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.

დაკავებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ და კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსეთის ექვს დიპლომატს დაატოვებინეს ბულგარეთის ტერიტორია, კიდევ ერთს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მათთან ერთად რამდენჯერმე დააკავეს და კვლავ გაათავისუფლეს ადგილობრივი მოქალაქეები.