ამირან გამყრელიძე: ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ საქართველოში აპრილში შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ აპრილში საქართველოში შემოვა ჩინური კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 100 000-მდე დოზა.

გამყრელიძის თქმით, პარალელურად მოლაპარაკებები გრძელდება „ფაიზერთან“, „ნოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონსა“ და სხვა კომპანიებთანაც.

„კონტრაქტი უკვე დადებულია ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია“, - ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისიდან საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მასობრივად უნდა დაიწყოს.

დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი''.

დღეს საქართველოში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. თუმცა, მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მიეცეთ.