დღეს 18 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა განახლდება

დღეს 18 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. ეს დაწესებულებებია:

  • თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
  • ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
  • ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალია https://booking.moh.gov.ge/, რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის უნდა მიმართოთ https://fb.watch/4c2mI8hKtj/, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech-ის ვაქცინით, რომლის ეფექტიანობა 95%-ია, 30 მარტიდან დაიწყო.

საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. იმავე დღეს დაიწყო ასაცრელად 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია. პირველი ორი კვირის ჯავშნები საკმაოდ სწრაფად შეივსო. Pfizer-ის ვაქცინით ასაცრელად პირველ ეტაპზე 10 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა.

15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს ვაქცინით, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. სპეციალურ საიტზე booking.moh.gov.ge-ზე 25 მარტიდან დარეგისტრირებულებს შეეძლოთ ორი ვაქცინიდან ერთის არჩევა. Pfizer-ის ვაქცინაზე მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო.

15 მარტის შემდეგ,1 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 8536 მოქალაქეა აცრილი.