"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ცოცხების ფეტიშირებას ახდენს. ასე გამოეხმაურა იგი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქციას მათ პარტიასთან.
"ფაქტია ერთი, რამ "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ 9 წელი ეს ცოცხები ჰქონდათ ერთ ადგილზე, მეორე ცხრა წელი მიდის და ხელიდან არ გაუგდიათ ეს ცოცხები. თუ ასე ძალიან უყვართ ეს საყოფაცხოვრებო ნივთი, დაიხატონ მკერდზე, დაახატონ თავის დროშას და იყოს მათი სიმბოლო. ჩვენ საერთო ამ საყოფაცხოვრებო ნივთთან არაფერი არ გვქონია. თუ ვინმე ახდენს ამ ნივთის ფეტიშირებას, არის "ქართული ოცნება", - განაცხადა კირკიტაძემ "ფორმულის" ეთერში.
კირკიტაძის ამ განცხადებას წინ უსწრებდა "ქართული ოცნების" ლიდერის, სოზარ სუბარის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ ცოცხი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო.
"ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ მმართველი პარტიის სტილი ძალადობა და შეურაცხყოფა არაა.
"ქართული ოცნების" სტილი ძალადობა და შეურაცხყოფა არაა, მაგრამ როცა შეურაცხყოფა ღებულობს მუდმივ ხასიათს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ემოციებმა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს უმტყუნოს. ამიტომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, რადგან მცირე ძალადობა წარმოშობს შემდგომში დიდ ძალადობას", - თქვა ხუნდაძემ.
გუშინ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ბათუმში, ოპოზიციის ოფისებთან, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს - ცოცხები დატოვეს და სტიკერები გააკრეს.
აქტივისტებმა ცოცხებით ხელში მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს. ამავე ქუჩაზე მდებარე პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ცოცხები დატოვეს და მსვლელობა განაგრძეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმართულებით.
აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.