რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ინფორმაციის ცენზურის გარეშე მიწოდების 70-ე წლისთავს აღნიშნავს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შენობა მიუნხენში (1953-1967 წლები)

რადიო თავისუფალი ევროპა აღნიშნავს ახალი ამბების და ინფორმაციის ცენზურის გარეშე მიწოდების 70-ე წლისთავს, მათთვის, ვისაც თავისუფალ პრესაზე წვდომის საშუალება არ ჰქონდა.

1951 წლის 1 მაისს, მისი პირველი რადიოგადაცემა - „რკინის ფარდის“ მიღმა, კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის აუდიტორიისთვის იყო.

1954 წლის ბოლოს რადიო თავისუფალი ევროპა და, თავდაპირველად, რუსულენოვანი რადიო თავისუფლება, იყო მედიის შემცვლელი, "სუროგატი", აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის და მაუწყებლობდა 25 ენაზე.

გაერთიანებული რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გაფართოვდა 1994 წელს, დასავლეთბალკანური რედაქციების გახსნით. მოგვიანებით, 15 წლის განმავლობაში, სადგურს დაემატა სამსახურები, რომლებიც ირანის, ავღანეთის, ერაყის, პაკისტანისთვის მაუწყებლობენ და სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის და ექსტრემისტული პროპაგანდის ალტერნატივას წარმოადგენენ.

2019 და 2020 წლებში კვლავ მოხდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გაფართოება, როცა აღდგა ბულგარულ, რუმინულ და უნგრულენოვანი ციფრული პლატფორმები, რათა წინ აღდგომოდნენ საფრთხეს, რომელიც შეექმნა ახალ დემოკრატიებს ევროპაში დეზინფორმაციისა და მედიაპლურალიზმის შემცირების სახით.

1995 წელს ჩეხეთის პრეზიდენტის, დისიდენტისa და დრამატურგის, ვაცლავ ჰაველის შემოთავაზების შედეგად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გერმანიიდან, მიუნხენიდან, სადაც ის 1951 წლიდან მაუწყებლობდა, გადმოვიდა პრაღაში.

ჰაველმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას შესთავაზა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ყოფილი ფედერალური კრების შენობა, სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად თვეში. ჰაველი ლაპარაკობდა რადიოსადგურის ახალ მნიშვნელობასა და განახლებულ მისიაზე ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში.

ბოლო წლებში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობის გაუარესებამ რუსეთში, ბელარუსში, ირანში, ხოლო საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მმართველობის ექსპანსიონისტურმა ქმედებებმა, ხაზი გაუსვა იმგვარი მედიის არსებობის აუცილებლობას, რომელიც ცენზურის გარეშე ავრცელებს ობიექტურ და გაწონასწორებულ ინფორმაციას მთელ რეგიონში.