მოსახლეობის 60%-ის აცრის შემდეგ პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 60 პროცენტი კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აიცრება, ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან "სინოფარმით" აცრის შემდეგ ისაუბრა.

"თუ ავიცრებით 2-ჯერ მოსახლეობის 60%, ჩვენ გარეთა სივრცეებში ნიღაბს მოვიხსნით. ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

პირბადის ღია საჯარო სივრცეში ტარება ბოლო რამდენიმე თვეა სავალდებულოა. წესის დარღვევისთვის პირი 20 ლარით ჯარიმდება.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეიდან, 4 მაისიდან კი დაიწყო იმუნიზაცია ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით. მისი გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს.

3 მაისის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია 45 344 ადამიანი. მათგან "ფაიზერის" ორივე დოზა გაკეთებული აქვს 6064-ს.