სტამბოლში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა აზერბაიჯანის ოპოზიციონერი აქტივისტი ბაირამ მამადოვი

ბაირამ მამადოვი

სტამბოლში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა აზერბაიჯანის ოპოზიციონერი აქტივისტი ბაირამ მამადოვი. მისი გვამის პოვნის შემდეგ თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მამადოვის მეგობრებმა 4 მაისს სოცქსელებში დაწერეს, რომ მანამდე ორი დღით ადრე ზღვაში იპოვეს ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს წევრის გვამი.

მამადოვი და დემოკრატიისთვის მებრძოლი კიდევ ერთი აქტივისტი, გიას იბრაჰიმოვი, 2016 წლის მაისში გახდნენ ცნობილი, როცა ბაქოში საღებავით წარწერა გაუკეთეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლს.

ამის შედეგად ორივეს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით, რასაც ორივე უარყოფდა. მამადოვის თქმით, ის ჩვენების მისაცემად აწამეს.

Amnesty International-მა ორი აქტივისტი სინდისის პატიმრებად ცნო და განაცხადა, რომ მათ ნარკოტიკების თაობაზე შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს პოლიტიკური საქმიანობისთვის დასასჯელად.