ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ-19-ის ვაქცინებზე პატენტის დაცვაზე უარის თქმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მხარი დაუჭირა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადებას, უარი ეთქვას კოვიდ-19-ის ვაქცინის შემქმნელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვას.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, კეტრინ ტაის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სისტემის მსოფლიო კრიზისის და განსაკუთრებული გარემოების გამო, რასაც კორონავირუსის პანდემია იწვევს, "საჭიროა ექსტრაორდინალური ზომების მიღება“.

ბაიდენის ადმინისტრაციას, თქვა ტაიმ, სჯერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გამო ის მხარს უჭერს კოვიდ-19-ის ვაქცინის პატენტების დაცვაზე უარის თქმას.

პატენტების დაცვის გაუქმებაზე პირველად შარშან ოქტომბერში ლაპარაკობდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ინდოეთი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებდნენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ვაქცინაზე თანაბარი წვდომის არსებითი ზღუდეა.

ამ ინიციატივას ბევრი განვითარებადი ქვეყანა ემხრობა, მაგრამ მწარმოებლები უარს არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ღებრეიესუსი მიესალმა ბაიდენის განზრახვას და მას პანდემიასთან ბრძოლაში ისტორიული მომენტი უწოდა.

ამერიკელი ფარმაკოლოგების ინტერესების წარმომადგენელმა ჯგუფმა ბაიდენის განზრახვა გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს პანდემიაზე გლობალურ რეაგირებას და საფრთხე შეუქმნას მედიკამენტების უსაფრთხოებას.