მთავრობამ სპეციალური ვებსაიტი შექმნა ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად

Provax.ge - ეს არის მთავრობის მიერ ახლად შექმნილი ვებსაიტი, რომლის მიზანი ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ვებსაიტზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის".

ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 7 მაისის მონაცემებით, საქართველოში სულ 54 687 აცრა ჩატარდა. აქედან სრულად აცრილია 8700 ადამიანი.