სიტყვით მებრძოლი ეგნატე

12 მაისს (ძველი სტილით 29 აპრილს), 1894 წელს, გურიის სოფელ ჩანჩეთში გარდაიცვალა ეგნატე ნინოშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოში პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის, „მესამე დასის“ ერთი-ერთი დამფუძნებელი.

გაზეთ "კვალში" გამოქვეყნებულ ნეკროლოგში, ეგნატეს მეგობარი და თანამებრძოლი, ისიდორე რამიშვილი წერდა:

"სწორეთ ამ ერთი კვირის წინეთ ვნახე განსვენებული მწერალი სასიკვდინედ მომზადებული, ღონე გამოლეოდა, თავის-თავად ლოგინზე გვერდს ვეღარ იბრუნებდა, ენა ჩავარდნოდა და საშინლათ ხრიალებდა, ირჩობოდა. წელკავს კაცობრიობისას - ჭლექს - უკანასკნელ დღემდის მიეწურა მისი სიცოცხლე".

ეგნატე ნინოშვილის ნეკროლოგი, გაზეთი "კვალი"

ეგნატე ნინოშვილი, როგორც ტუბერკულოზს სჩვეოდა ანტიბიოტიკების გამოგონებამდე, წლების განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.

„ახლა ჩემი საქმე ასე არის: მახველებს ძლიერ ბევრს, ხანდახან სისხლიანსაც...“, - ვკითხულობთ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე იაკობ გოგებაშვილისათვის გაგზავნილ წერილში, თუმცა ვიდრე ჭლექისგან დაუძლურებული ლოგინად ჩავარდებოდა, ორი წელი (1892-93 წწ) თბილისში იცხოვრა „ძლიერ ღარიბათ ერთ ნოტიან სახლში“. ალბათ, აქ, ძველი თბილისის ქუჩებში შეამჩნია მწერალმა თავისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, „მწუხარე სიარულით მოსიარულე“ ქრისტინე, რომელსაც, გალაკტიონს რომ დავესესხოთ, ფეხდაფეხ მიჰყვა აღფრთოვანებული, რადგან „ძველს, ნახმარსა და გაცრეცილს, ათას ადგილას დაკერებულს, ფერგამოცვლილს ტანთსაცმელში იგი კიდევ ხედავდა ამ ქალის წარსულს, და ხანჯლის დაკვრისაგან გაფუჭებულ სახეში მაინც ამჩნევდა წარსული სილამაზის კვალს...“

ეგნატე ნინოშვილი

„ქრისტინე“ და სხვა საოცარი ძალის მოთხრობები: „გოგია უიშვილი“, პალიასტომის ტბა“, „მოსე მწერალი“ „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „სიმონა“, „განკარგულება“, ისტორიული რომანი „ჯანყი გურიაში“, და ა.შ. - ეგნატე ნინოშვილმა სიცოცხლის უკანასკნელ ოთხ წელიწადში შექმნა.

სასიკვდილო სარეცელზე მყოფი, აბასთუმანში წასვლასა და სიცოცხლის ორი-სამი წლით გახანგრძლივებაზე ოცნებობდა, რათა კვლავ დაბრუნებოდა კალამს, პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, მხატვრულ სიტყვას, დაბრუნებოდა თბილისსაც, სადაც, შემოქმედების თვალსაზრისით, ყველაზე ნაყოფიერი ორი წელი გაატარა... მაგრამ ვერ აისრულა ოცნება, ვერც გამოჯანმრთელდა და ვერც სიკვდილის გადავადება შეძლო, თუმცა წლების შემდეგ თბილისში მაინც დაბრუნდა, დაბრუნდა ძეგლად და თან - ყველა სხვა ქართველ მწერალზე (აკაკის თუ არ ჩავთვლით) ადრე, 1923 წელს, დღევანდელ ალექსანდრეს ბაღში, თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე... ბევრად ადრეც დაბრუნდებოდა, თუნდაც 1911-ში, როცა იაკობ ნიკოლაძემ, „კვალისა“ და „ჯეჯილის“ რედაქციებთან არსებული კომიტეტის დაკვეთით ეგნატეს ბიუსტი გააკეთა, მაგრამ მოცდა მოუწია, რადგან მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ნიკოლაძის ქმნილება არა თუ თბილისს, ჩანჩეთში საფლავსაც კი არ გააკარეს.

ეგნატეს ბიუსტი. მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე

„მას უნდოდა დიდ სიბნელეში დაენთო უბიწო კვარი გურიის ბუნებიდან გამოტანილი, რომ სინათლე მოეფინა შეჭირვებულთათვის. ის იბრძოდა მხატვრული სიტყვით, მაგრამ მან არ იკმარა ეს“, - წერდა შალვა დადიანი 1944 წლის „ლიტერატურა და ხელოვნებაში“, - „ხელი მოჰკიდა პუბლიცისტიკის იარაღსაც. ყველამ ვიცით, თუ რა დიდი როლიც შეასრულა ამ მხრივ დაუვიწყარმა ეგნატემ. შემთხვევით არ არის ისიც, რომ მისი დასაფლავების დროს გურიაში მოხდა მარქსისტული ახალგაზრდობის საჯარო საპროგრამო გამოსვლა“.

საპროგრამო გამოსვლის ტექსტი, რომლის ავტორი ეგნატეს ბავშვობის მეგობარი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგნატესთან მყოფი, სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძეა, 1894 წლის 22 მაისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა:

„ჩვენი ახალი ბატონი ის ნივთიერებაა, რომელსაც ფულს ეძახიან. ამ ახალი კერპის გახურებულ თითებზე იხრაკება შეუბრალებლად ურიცხვი მსხვერპლი, მის წინაშე იდრეკენ მუხლს ძველი ყმაცა და ბატონიც, მის უდაურ უფლებაში გადადის ყოველგვარი შრომის იარაღი და აქედან ყველა შრომის წარმომადგენელნი, მის ყურმოჭრილ მონად ხდება - თვით მეცნიერებაც კი... ჩვენი აწინდელი ცხოვრება წარმოადგენს ორს ახალ, ერთი-მეორის მოწინააღმდეგე წოდებას, ანუ კლასს. ერთი მხრით - ფიზიკური და გონებრივი შრომის წარმომადგენელნი, მეორე მხრით - მუქთა-ხორა, ბურჟუა- კაპიტალისტები. პირველთა ხვედრია აუტანელი შრომა-გარჯა, მეორეთა კი - დასაკუთრება ამ შრომის ნაყოფისა“.

სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძე

„კვალის“ ამავე ნომერში გამოქვეყნდა ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სამძიმრის დეპეშაც:

„გულდათუთქულნი ვტირით ქართველი ხალხის უბედურების მხატველს ეგ. ნინოშვილს, ქართველნი, აქ მყოფნი, მწუხარე ცრემლს ვღვრით მისი უდროოთ დაკარგვისათვის. ნოე ჟორდანია“.

ნოე ჟორდანიას სამძიმრის დეპეშა. გაზეთი "კვალი", 1894 წ. მაისი

საფლავზე წარმოთქმული ყველა სიტყვა დიდწილად ნასაზრდოები იყო ეგნატეს პუბლიცისტიკით, განსაკუთრებით კი მისი უკანასკნელი წერილით „უებარი საშუალება საქართველოს გამდიდრებისათვის“, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა და, რომლის ადრესატები „ივერიის“ თანამშრომლები - მეველე (დ. მიქელაძე) და Plebs-ი (ნ. ხიზანიშვილი) იყვნენ.

„Plebs-ი მაბრალებს, თითქოს, მე ვფიქრობდე „სიმდიდრე ბოროტებაა-მეთქი“... სიმდიდრე თავისთავად ბოროტება კი არაა, ბედნიერებაა, მხოლოდ სიმდიდრით შეუძლია ადამიანს დააკმაყოფილოს თავის ათასგვარი მოთხოვნილება, მაგრამ უთანასწოროდ განაწილებული სიმდიდრე, თუ გნებავთ, ბოროტებაც გახლავს... ასე, ჩემო მკითხველო, ცალმხრივი სიმდიდრე ნუ გაგვახარებს, სანამ გუდები ისე არ იქნება მომზადებული, რომ ყველა გამრჯელს შეეძლოს იმისგან ღვინის სმა... მაგრამ დროა დავეხსნათ ჩვენს პაწაწინა ბურჟუებს, იმათ თუნდა Plebs-ობა დაირქვან და თუნდა გრაკხობა, ეს სულ მოსატყუებელი სახელები იქნება, რადგან ისინი ყოველთვის და ყველგან პატრიციების ინტერესებს დაიცავენ“, - წერდა ეგნატე ნინოშვილი 1893 წელს გაზეთ „კვალში“.

ილუსტრაცია ნინოშვილის მოთხრობისათვის "განკარგულება". მხატვარი ელენე ახვლედიანი

ცნობილი ლიტერატორის, გერონტი ქიქოძის თქმით, ეგნატე ნინოშვილი უფრო ცნობილი იყო როგორც მხატვარი, ვიდრე როგორც მოაზროვნე პუბლიცისტი:

„მაგრამ, როგორც ეგნატეს მიმოწერიდან ირკვევა, ის ბოლო დროს ფიქრობდა სავსებით პუბლიცისტიკაში გადასულიყო. „კვალის“ რედაქტორ-გამომცემელს ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას ის სწერდა: „ჩვენს ქვეყანაშია აზროვნებას სძინავს და მხოლოდ ხანდახან ბოდვასავით ნაჭერ-ნაწყვეტად წამოიძახებს იმას, რაც უკვე ნახევარი საუკუნეა სააზროვნო არქივში არის გადადებული. ამიტომ, საჭიროა რომელიმე სამწერლო ორგანომ ვალად ჩასთვალოს ჩვენს ქვეყანაში აზროვნების გამოფხიზლება“.

გერონტი ქიქოძე

გერონტი ქიქოძის თქმით, თავის ბელეტრისტულ ნაწერებშიც ეგნატე ითავსებდა არა მარტო მხატვრის, არამედ ბრალმდებლის როლსაც. ალბათ, ამიტომ იყო, რომ ერთმა მოყვარულმა პოეტმა ასეთი ლექსი გამოუთქვა:

შენი სახელი თუ არ შეირყა,
მისთვის რომ იყავ ჩაგრულთ მწერალი,
შენი მოთხრობის ყოველი სიტყვა
სისხლი იყო და არა მელანი!

საწერ საშუალებებთან დაკავშირებით, აქ შეიძლება ასევე გავიხსენოთ ნახევრად სარწმუნო (და ცოტათი სახალისო) ამბავი, რომელიც ეგნატე ნინოშვილის თანასოფლელს მწერალ მიქელ პატარიძისთვის გაუნდვია:

„როცა საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა ეგნატე, გზაზე და საზღვარზე სასტიკი ჩხრეკა ყოფილა. ეგნატეს ქიმიური ფანქრით დაუწერია თავის „პაგრამა“ საცვლებზე. როცა შინ ჩამოვიდა, სოველი ტილო წაუსვა თურმე საცვლებს და ამგვარად აღადგინა რაც ჩაწერა საზღვარგარეთ.“

შიო მღვიმელი "ეგნატე ნინოშვილს"

ეგნატე ნინოშვილის მთელი მემკვიდრეობა, სიცოცხლის უკანასკნელ ოთხ-ხუთ წელიწადშია შექმნილი [„ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები“], როგორც სილვა ჯიბლაძე იხსენებდა, აგონიაში მყოფიც კი საწერი მაგიდისკენ მიიწევდა:

„მუდამ შრომასა და მუშაობას დაჩვეული, ის დროგამოშვებით წამოვარდებოდა ლოგინიდან და ცდილობდა დაწყებული შრომის გაგრძელებას: აკანკალებული ხელიდან კალამი უსხლტებოდა, გაშმაგებული, თვალცრემლიანი ლოგინიდან ეცემოდა: „ვკვდები, ვკვდები, ამბობდა შემაძრწუნებელი ქვითინით, ვკვდები იმ დროს, როცა ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, როცა ჩემი მომავლის მოქმედების პროგრამა უფრო ნათლად გამოვარკვიე“.

"პალიასტომის ტბა", მხატვარი ე. ლანსერე

ეგნატე, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მოესწრო ლიტერატურულ აღიარებას. იბეჭდებოდა „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“... როცა ჯანმრთელობამ უღალატა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ყოველთვიური 15 მანეთიანი დახმარება დაუნიშნა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კი ნივთიერ შემწეობას თვით იაკობ გოგებაშვილი უწევდა.

სიღარიბეში გარდაცვლილი მწერლის დაკრძალვაზე ზღვა ხალხმა მოიყარა თავი. როგორც ჩანს, არ ცდებოდა გალაკტიონი, როცა ამბობდა, არსად ისეთი დიდებული დასაფლავება არ იციან, როგორც საქართველოში, მაგრამ არსად დასაფლავებას ისეთი გარდამავალი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც აქ, ამ ქვეყანაშიო.

ასევე ნახეთ განდევნილის დაბრუნება: ეგნატე ნინოშვილის დამზაფვრელი აჩრდილები