პრინცესა დაიანას ვაჟებმა მწვავედ გააკრიტიკეს BBC მათი დედისგან 1995 წელს აღებული ინტერვიუსთვის

პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი

დიდი ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ მწვავედ გააკრიტიკეს BBC და მისი ერთ-ერთი ჟურნალისტი ინტერვიუსთვის, რომელიც მაუწყებელმა მათ დედასთან, პრინცესა დაიანასთან აიღო 1995 წელს.

უილიამის თქმით, იმან, თუ როგორ მოიპოვეს ინტერვიუ, „არსებითი გავლენა“ მოახდინა იმაზე, თუ რა თქვა დედამისმა პრინც ჩარლზთან თავის რთულ ცოლქმრულ ურთიერთობაზე და „მთავარი წვლილი“ შეიტანა მათ შორის კავშირის გაწყვეტაში.

კრიტიკა გაისმა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა ყალბი საბუთები გამოიყენა ინტერვიუს მოსაპოვებლად და რომ BBC-ის ხელმძღვანელებმა ვერ მოახერხეს სათანადოდ გამოეძიებინათ, როგორ გააკეთა მან ეს.

უილიამის თქმით, BBC-ის შეცდომამ დიდად შეუწყო ხელი დაიანას „ფობიებს, პარანოიასა და იზოლაციას“.

დაიანა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი 1996 წელს განქორწინდნენ. დაიანა მომდევნო წელს დაიღუპა პარიზში მომხდარ ავტოკატასტროფაში, როცა ფოტოგრაფები მისდევდნენ.

პრინცმა ჰარიმ თქვა, რომ გამოძიება არის „პირველი ნაბიჯი სამართლისა და ჭეშმარიტებისკენ“.

ბაშირმა, რომელიც გასულ კვირაში გადადგა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ნანობს და რომ დოკუმენტების გაყალბება „უჭკუობა იყო“. BBC-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორპორაცია ეთანხმება გამოძიებას და „სრული და უპირობო ბოდიში“ მოიხადა.