ღაზაში ზავი მოქმედებს, კვლავ იწყებენ მუშაობას სამთავრობო დაწესებულებები

23 მაისს კვლავ იწყებენ მუშაობას ღაზის სამთავრობო უწყებები მაშინ, როცა ისრაელი და რადიკალური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აკონტროლებს ღაზის სექტორს, იცავენ საზავო შეთანხმებას, განაცხადა პალესტინელთა წარმომადგენელმა.

ღაზაში შეწყვეტილი იყო სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობა მას შემდეგ, რაც 10 მაისს ისრაელმა ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო ჰამასის სარაკეტო იერიშებზე პასუხად.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ სერიოზული ზარალი მიადგა ასევე საცხოვრებელ რაიონებს და მაღლივ შენობებს, ჯანდაცვის ობიექტებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს ანკლავში, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

პალესტინელ რადიკალებსა და ისრაელს შორის საზავო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა. შეთანხმებას 21 მაისს მიაღწიეს ეგვიპტის შუამავლობით, რომელიც მხარეებს შორის გრძელვადიანი დაზავებისთვის იღვწის.