უფლებადამცველი პროექტი Gulagu.net-ი ტოვებს რუსეთის ტერიტორიას

ვლადიმირ ოსეჩკინი, პროექტ Gulagu.net-ის მენეჯერი

უფლებადამცველმა პროექტმა Gulagu.net-მა, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა წამებას და კორუფციას ებრძვის, შეწყვიტა მუშაობა რუსეთში იმ საშიშროების გამო, რაც მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას ემუქრება.

ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის დამფუძნებლის, ვლადიმირ ოსეჩკინის, მიმართვაში.
ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს კოორდინატორთა საბჭო. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა ბელარუსი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის გატაცება და დაპატიმრება, რასაც ოსეჩკინი უწოდებს რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების ერთობლივ სპეცოპერაციას.

„ლუკაშენკა და პუტინი უკვე აღარაფერს არ მალავენ და მზად არიან, ღიად იმოქმედონ მიუღებელი ორგანიზაციების ანგარიშსწორების მიზნით“, - წერს ოსეჩკინი.

იგი აღიარებს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას ყველა კოლეგა არ დაუჭერს მხარს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ რუსეთში მუშაობის შეწყვეტა და ორგანიზაციის არქივების გადატანა ევროპაში, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც დაიცავს პროექტს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს ორგანიზაციის თანამშრომლებს.

24 მაისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის, ბლოკის საჰაერო სივრცის დახურვაზე ბელარუსის ავიახაზებისთვის - მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა კომერციული თვითმფრინავის იძულებას ბელარუსში დაფრენილიყო ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის რეისის შესრულებისას, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის, დაპატიმრების მიზნით.