მოშიმშილეები შუქრუთიდან თბილისში ჩამოვიდნენ და დახმარებას აშშ-ის ელჩს სთხოვენ

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც სოფელში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ, 30 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანი შიმშილობს და ზოგიერთს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

შეკრებილები აცხადებენ, რომ სურთ, ხმა მიაწვდინონ საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს. მათ აშშ-ის საელჩოს შენობის ეზოში კარვის გაშლა სცადეს, თუმცა ამის უფლება ვერ მიიღეს.

პროტესტი შუქრუთში სამი თვეზე მეტია მიმდინარეობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა სახლების ნგრევას იწვევს და გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.