ევროკავშირმა დაგმო რუსეთის კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას კრძალავს "ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან" კავშირისთვის

პეტერ სტანო

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ახალი კანონი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ექსტრემისტულად მიჩნეულ ორგანიზაციებთან. კანონს 4 მაისს მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ახალი კანონი კრიტიკული და ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმართული მორიგი იარაღია, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს რუსეთში,“ განაცხადა 4 ივნისს საგარეო ურთიერთობების საკითხში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ.

„სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ‘უცხოეთის აგენტებისა’ და ‘არასასურველი ორგანიზაციების’ შესახებ კანონებთან ერთად, აძლიერებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ ჩახშობას,“ დასძინა მან. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ კანონი ძველ პერიოდზეც ვრცელდება.

„ევროპის კავშირი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონი და რუსეთის კანონმდებლობა მოიყვანოს იმ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, რომლებიც რუსეთმა იკისრა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული და საერთაშორისო კანონის, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შესაბამისად,“ ნათქვამია სტანოს განცხადებაში.

მიიჩნევა, რომ კანონის მთავარი სამიზნეა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაშია შეტანილი.

ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობის გზა ეკეტებათ ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ორგანიზაციის ექსტრემისტულად ცნობამდე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასში. აკრძალვა ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. კანონის თანახმად, ასეთი ორგანიზაციების რიგითი თანამშრომლები და ის პირები, რომელთა კავშირი ამ ორგანიზაციასთან სასამართლოს მიერაა დადგენილი, სამი წლის განმავლობაში ვერ იქონიებენ პრეტენზიას არჩევით თანამდებობებზე.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და ნავალნის მომხრეთა რეგიონული შტაბების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნობის საკითხის განხილვა.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონი უხეშად არღვევს რიგ ფუძემდებლურ უფლებას და სამართლებრივ პრინციპს და ფაქტობრივად უკრძალავს კენჭისყრაში მონაწილეობას ოპოზიციური შეხედულებების მქონე ადამიანებს.