ომბუდსმენი: ნინოწმინდის პანსიონიდან გასული ბავშვები დასჯის და ძალადობის ფაქტებს იხსენებენ

საქართველოს სახლხო დამცველი აცხადებს, რომ დღეს შეხვდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც საკუთარი სურვილით გადავიდნენ ალტერნატიულ ზრუნვაში.

“არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი”, - წერს ნინო ლომჯარია ფეისბუკზე.

მისივე თქმით, ბავშვები ახლა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში არიან, ამბობენ, რომ თავს გრძნობენ კარგად და ახალ გარემოსთან და სხვა ბავშვებთან შეგუება არ გაჭირვებიათ.

“ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში”, - წერს ის.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.

“ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობის და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება”, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს განჩინების აღსრულებას.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.