ირაკლი ღარიბაშვილი: ვამაყობ საქართველოს მიერ შესრულებული როლით სომხეთის მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ის ამაყობს საქართველოს როლით, რომელიც მან შეასრულა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად:

„სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად”, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს გადასცემდა კონფლიქტის დროს დაკავებულ 15 მოქალაქეს მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის შემთხვევაში.

ასევე ნახეთ საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა - მთავრობა

ზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.