Reuters-ი: ევროკავშირში Sputnik V-ის მოწონება შემოდგომისთვის ან წლის ბოლოსთვის გადაიდო

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მოწონება შემოდგომისთვის ან, საერთოდ, წლის ბოლოსთვის გადაიდო, იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანახმად, რუსეთის მხარემ დადგენილ ვადებში, 10 ივნისისთვის, არ წარმოადგინა ვაქცინის კლინიკური გამოცდის შესახებ მონაცემები. ადრე მთელმა რიგმა სპეციალისტებმა გააკრიტიკეს Sputnik-ის მწარმოებლები მონაცემთა ნაკლებობის ან მათში ბუნდოვანების გამო.

ადრე მოელოდნენ, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტო (ЕМА) მაისში ან ივნისში გადაწყვეტდა, დაუშვას თუ არა Sputnik-ის გამოყენება ევროპის კავშირის ქვეყნებში.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც ეწევა უცხოეთში ვაქცინის დისტრიბუციას, უარყო Reuters-ის ინტერპრეტაცია.

ამჟამად Sputnik-ის გამოყენება ოფიციალურად ნებადართულია ევროკავშირის ორ ქვეყანაში - უნგრეთსა და სლოვაკეთში. მთელი ევროკავშირის დონეზე თანხმობა ჯერჯერობით არ მოიპოვება. ვაქცინა ასევე ოფიციალურად არ მოუწონებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, თუმცა რუსეთის მხარემ მის მიწოდებაზე ათეულობით ქვეყანასთან დადო კონტრაქტები.