პოლიციის შენობიდან კაცის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახ. ინსპექტორის სამსახურმა

თბილისი, წერეთლის გამზირი, პოლიციის განყოფილება.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში, საიდანაც კაცი გადმოვარდა, რამდენიმე წუთის წინ მივიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ბაჩანა კვარაცხელია.

გამომძიებელმა მედიას უთხრა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს შესაძლო სამსახურებრივ გულგრილობას.

კვარაცხელიას თქმით, იგეგმება პოლიციელის გამოკითხვა.

„ამ ეტაპზე ტარდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ვინაიდან ფაქტი მოხდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ, შესაბამისად, საქმეს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა ჰქონდა საქმესთან, მათ შორის პოლიციელი“, - თქვა გამომძიებელმა.

კაცი, რომელიც პოლიციის განყოფილების შენობიდან გადმოვარდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ის ცოცხალია.