ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

„ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 ზე ლაბორატორიაში ჩატარდა 61 ტესტი, აქედან 10 მოქალაქეს დადებითი პასუხი მოუვიდა", - განაცხადა მარინა კოჩიევამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, COVID - 19–ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3385 ადამიანს მიაღწია. 3345 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში, ექიმების დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება. ადგილობრივი ექიმები დე ფაქტო რესპუბლიკაში მესამე ტალღის დაწყებას ელოდებიან. ვაქცინაციის პროცესი კი ნელი ტემპით მიმდინარეობს.