სომხური „კონიაკი“ აღარ გაიყიდება, სანაცვლოდ ევროკავშირი 3 მილიონ ევროს გადაიხდის

სომხური ბრენდის მწარმოებლებმა ჯერ არ იციან, თუ რა სახელით გაყიდიან სახელგანთქმულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც აქამდე მომხმარებლისთვის „კონიაკის“ სახელით იყო ცნობილი.

10 ივნისს ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმელის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ, სანაცვლოდ კი ისინი ევროკავშირისგან 3 მილიონ ევროს მიიღებენ. ამავე შეთანხმების მიხედვით, შუშხუნა ღვინის მწარმოებლებმა 4 წლის განმავლობაში უნდა თქვან უარი თავიანთი სასმელისთვის „შამპანურის“ დარქმევაზე.

ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სომხეთზე, რამდენადაც ამ ქვეყნის ექსპორტის 7,5 პროცენტს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები შეადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომელზეც სომხური ბრენდის ექსპორტის 79 პროცენტი მოდის. იქ სომხურ სასმელს განსაკუთრებით აფასებენ ფასისა და ხარისხის შეფარდების გამო - დიდი ხნის დაძველების სომხური ბრენდი ფრანგულ ეკვივალენტზე 90 პროცენტით ნაკლები ღირს.

რუსეთში სიტყვა „ბრენდი“ პოპულარული არ არის და სომხეთის მწარმოებლები ახლა მსჯელობენ, თუ რა სახელით გავიდეს სასმელი ამ ბაზარზე.

სომხური ბრენდის ბოთლები, რომლის ეტიკეტებს აწერია "კონიაკი"

სომხეთის წამყვანმა ბრენდებმა გასული კვირის განმავლობაში უკვე ამოიღეს სიტყვა „კონიაკი“ თავიანთი ვებსაიტებიდან, თუმცა რამდენიმე მცირე მწარმოებელი ამ ტერმინს ბრენდინგისას ახლაც იყენებს.

„ერევნის ბრენდის კომპანიის“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შესაძლო დასახელებაზე დისკუსია მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად შეთანხმებამდე ჯერ შორია. მანვე თქვა, რომ ჯერ ადრეა იმის განხილვა, თუ რა გავლენას მოახდენს ლინგვისტური ცვლილება რუსულენოვან ბაზარზე.

1916 წ. რუსი ჯარისკაები კონიაკს მიირთმევენ

კონიაკი ბრენდის ნაირსახეობაა, რომელსაც სახელი დამზადების ადგილის მიხედვით ეწოდება. ევროკავშირი კრძალავს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენებას იმ სასმელებისათვის, რომლებიც კონიაკის რეგიონში არ იწარმოება.

სომხეთში ბრენდის მასობრივი წარმოება 1887 წელს დაიწყო. არარატის მთის მახლობლად მოწეული ყურძნისგან დამზადებულმა სასმელმა მალე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სომხეთში ამბობენ, რომ ამ ქვეყანამ სიტყვა „კონიაკის“ გამოყენების უფლება 1902 წელს მოიპოვა, როდესაც მათმა სასმელმა პრესტიჟულ კონკურსში ფრანგულ მეტოქეს აჯობა. ამ ვერსიას ადასტურებს არაერთი ფრანგული და ინგლისურენოვანი წყარო, სადაც ნათქვამია, რომ ფრანგმა მსაჯებმა სასმელს კონიაკის ტიტული მიანიჭეს.

ამ ვენახებში მოჰყავთ ყურძენი სომხური კონიაკისთვის

ჯოზეფ მიკალეფმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ამერიკელმა ექსპერტმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სომეხ მწარმოებლებს 1900-იან წლებში მართლაც მისცეს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენების უფლება, თუმცა ეს უფლება მეორე მსოფლიო ომის დროს გაუქმდა. ისედაც საეჭვოა, რომ კონიაკის მწარმოებელთა ფრანგ წარმომადგენელს საერთოდ შეძლებოდა ვინმესთვის ამ სიტყვის გამოყენების უფლება მიენიჭებინაო, თქვა მიკალეფმა.

ჯოზეფ მიკალეფი მიიჩნევს, რომ სახელის შეცვლა სომხური ბრენდის ბაზარს საფრთხეს არ შეუქმნის. „ტერმინ ‘კონიაკის’ გამოყენება საფრანგეთს აღიზიანებდა. სომხეთისთვის სიმბოლური თანხის გადახდა კი დიპლომატიური ჟესტია, რათა ისე არ გამოჩნდეს, თითქოს საფრანგეთმა სომხეთი დაჩაგრა“.