გაეროს უშიშროების საბჭოში სავარაუდოდ კონფლიქტი წარმოიქმნება სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე

გაეროს უშიშროების საბჭო 23 ივნისს იმსჯელებს სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მათ შორის, საზღვრის მიღმა დახმარების მიწოდებაზე თურქეთიდან, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიისთვის დახმარების მიწოდება შარშან დაამტკიცა მხოლოდ თურქეთის ერთი გამშვები პუნქტიდან, ბაბ-ალ-ჰავადან, რაც ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ იდლიბის რეგიონს ეხმარება. იმ რეზოლუციის თანახმად, ეს გამშვები პუნქტი 12 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ღია. მანდატი 10 ივლისს იწურება, და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ამ გამშვები პუნქტის ღიად დატოვება მნიშვნელოვანია. საკითხი, სავარაუდოდ, კონფლიქტს გამოიწვევს 15 წევრისგან შემდგარ უშიშროების საბჭოში, რომელიც შარშან ჩიხში იყო შესული ამ საკითხზე - წევრთა უმრავლესობა სირიის მოკავშირეებს, რუსეთსა და ჩინეთს უპირისპირდებოდა.

როგორც უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, 23 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუტერეშს შეატყობინა, მოსკოვი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სირიისთვის დახმარების მიწოდება მხოლოდ თურქეთიდან არის შესაძლებელი.