ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო - ევროპული საბჭო, რომელიც წევრი სახელმწიფოების ლიდერებს აერთიანებს, აუცილებლად მიიჩნევს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გააქტიურებას და გაღრმავებას და თანამშრომლობას „აღმოსავლეთის პარტნიორების“ მდგრადობის ასამაღლებლად. ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისს, საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის შედეგად გამოქვეყნდა. დღის წესრიგის საკითხებს შორის იყო რუსეთთან და თურქეთთან ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება.
ევროპული საბჭო ადასტურებს 2017 წელს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე მიღებულ დეკლარაციას, რომლითაც აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანი და ეს ასახულია ასოცირების შეთანხმებებშიც.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეები არიან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მათგან სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ოფიციალურად აქვთ გაცხადებული ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები აკავშირებთ.
2021 წლის მაისში, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ დააფუძნეს.
Excellent exchange with FMs of Moldova, Georgia & Ukraine on enhancing cooperation & dialogue within #EasternPartnership.The balance of inclusivity & differentiation helps us to build links between the EU and our partners, and among the partners themselves. #StrongerTogether pic.twitter.com/KZOdVPi7eP
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 24, 2021
24 ივნისს, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი "ასოცირებული ტრიოს" ფორმატით, ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტისას შეხვდნენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტი "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების მხარდაჭერაა.