შარლოტსვილში კონფედერატი გენერლის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟი

აშშ-ის ქალაქ შარლოტსვილში 10 ივლისს კონფედერატების გენერლის, რობერტ ლის, ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ძეგლის გარშემო 2017 წელს დაწყებული კამათი ულტრამემარჯვენეების და მათი მოწინააღმდეგეების შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გენერალ ლის ძეგლის დემონტაჟი 10 ივლისს დილით დაიწყო. ქალაქის მერმა, ნიკი უოკერმა ჟურნალისტებთან საუბარში განცხადა, რომ ძეგლის აღება დაეხმარება შარლოტსვილსა და ამერიკას, „რათა გათავისუფლდეს იმ ცოდვისაგან, რასაც ეკონომიკური სარგებლის მისაღებად შავკანიანთა განადგურება წარმოადგენდა“.

ქალაქის ხელმძღვანელობამ, „ამერიკის ხმის“ ცნობით, კიდევ ერთი კონფედერატი გენერლის, თომას ჯეკსონის, ძეგლი აიღო.

ძეგლების დემონტაჟს და მათ პლატფორმებზე გადატანას თვალს ადევნებდნენ ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდგეებიც, მაგრამ მათი მხრიდან რაიმე საპასუხო აქციას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.