მედია იუწყება, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მომავალ კვირაში ბირთვულ საკითხებზე გამართავენ მოლაპარაკებას

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ატომური იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყებაზე მომავალ კვირაში - რაც, თავის მხრივ, ნაწილია პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ თვეში, სამიტზე მიღწეული შეთანხმებისა.

The Hill-ი იუწყება, რომ მოლაპარაკება ჟენევაში, 28 ივლისს გაიმართება, და იმოწმებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურად დატოვებულ თანამშრომელს. რუსეთში გამომავალი Kommersant-იც 20 ივლისს წერდა მოლაპარაკების იმავე თარიღზე და დასძენდა, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.

რიაბკოვმა გასულ კვირაში ოფიციალურ სააგენტო TASS-ს უთხრა, რომ მოლაპარაკება თვის ბოლომდე შედგება. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის.

16 ივნისს ჟენევაში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ "სტრატეგიული სტაბილურობის" მოლაპარაკებას გამართავენ, რათა "შეიქმნას ბაზისი იარაღის კონტროლის და საფრთხის შემცირების სამომავლო ზომებისთვის".