ამერიკის ზოოპარკში ლეოპარდები კარანტინში მოათავსეს კორონავირუსის დადებითი ტესტის შემდეგ

თოვლის ლეოპარდი - ირბისი

ამერიკის კალიფორნიის შტატის სან-დიეგოს ზოოპარკის თანამშრომლებმა თოვლის ლეოპარდების ჯგუფი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანის კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ზოოპარკმა განაცხადა, რომ 9 წლის მამალ თოვლის ლეოპარდს (ირბისს), სახელად რამილს, ტესტის დადებითი შედეგი აღმოაჩნდა მას შემდეგ, რაც მომვლელმა შეამჩნია, რომ მას ხველა და სურდო ჰქონდა ამ კვირის დასაწყისში.

ცხოველის განავლის ანალიზი ზოოპარკსა და სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩაატარეს. ორივემ დაადასტურა კორონავირუსის არსებობა, - ნათქვამია ზოოპარკის 23 ივლისის განცხადებაში.

ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ სამი სხვა ლეოპარდი - დედალი ირბისი და ორი ამურის ლეოპარდი, რომლებიც რამილთან ერთად იმყოფებოდნენ გალიაში, ასევე ინფიცირებული არიან.

ყველა მათგანი ვეტერინარების დაკვირვების ქვეშაა, სანამ კარანტინში იმყოფებიან და მათ გარეთ - ღია ცის ქვეშ - არ უშვებენ, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

რამილი არაა ცუდად, მას სხვა სიმპტომები დამატებით - ხველისა და სურდოს გარდა - აღარ გამოაჩნდა, - განაცხადა ზოოპარკმა.

უცნობია, როგორ მოხდა რამილის დაინფიცირება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ მიიღო შემოწირული ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ცხოველებისთვის არის განკუთვნილი და ზოოპარკის თანამშრომლები მას უკეთებენ ცხოველებს, თუმცა რამილი ჯერ არ იყო აცრილი.