წვრილმანი ხულიგნობისთვის მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია პატიმრობაშია

ხობში მომხდარი შელაპარაკების დროს ადგილზე მისული პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია დააკავეს. მათ შორის წურწუმია საქართველოს და მსოფლიოს ჩემპიონია. შემთხვევა 24 ივლისს მოხდა.

ორივე დაკავებულს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა.

ამავე ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ზაზა დათეშიძის და ვარლამ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.