ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რთულ ეპიდსიტუაციას ადასტურებენ

ცხინვალის საავადმყოფო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაადასტურეს კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 26-ით მეტია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, რომ ეპიდსიტუაცია რთულია და აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას ნიღბის გამოყენების წესი, სოციალური დისტანცია და უარი თქვას ხალხმრავალ შეკრებებზე.

კოჩიევას თანახმად, პანდემიის პერიოდში დაინფიცირდა 4347 ადამიანი, რომელთაგან 3716 გამოჯანმრთელებულია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხანია აღარ აქვეყნებს მონაცემებს COVID-19-ით გარდაცვლილთა შესახებ. ივლისში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციით, მათი რიცხვი 60-ს აჭარბებდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, რეგიონში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.