საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირი მამათა მონასტრის ბერია.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. ***
საპატრიარქო ასევე ადასტურებს, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერი ანტონი დაბარებული იყო გამოკითხვაზე.
მედიის ცნობით, ბერ-მონაზონი ანტონ (მაისურაძე) სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციას ემთხვევა მისი და დაკავებული პირის ინიციალებიც.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულ ა.მ.-სა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი. სწორედ ამ დროს, ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახური.
*** ამ ახალი ამბის გამოქვეყნების შემდეგ, საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ცვლილება შევიდა. ამჟამად ვკითხულობთ შემდეგს:
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ".