ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ

სადირ ჟაპაროვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ. სხვათა შორის, კანონი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოაცხადა 27 აგვისტოს.

ცვლილებების საკითხი აპრილში გამართულმა სახალხო რეფერენდუმმა მოიწონა. საარჩევნო კანონის ცვლილებების შედეგად პარლამენტის წევრთა რიცხვი 120-დან 90-მდე შემცირდება. მათგან 54-ს პარტიული სიებით აირჩევენ, დანარჩენ 36-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ჟაპაროვი 11 აპრილის რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე აირჩიეს პრეზიდენტად. მის არჩევას წინ უსწრებდა არეულობის პერიოდი, როცა ყოფილი მთავრობა დაემხო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად.