საპროტესტო გამოსვლები, რომლებმაც წელში გატეხა საბჭოთა კავშირი

საბჭთოთა ჯარები თბილისის ქუჩებში. 1989 წ. აპრილი.

1980-იანი წლების ბოლოს მთელს საბჭოთა კავშირში გაძლიერდა საპროტესტო გამოსვლები. საბჭოთა რესპუბლიკებში ხალხი დამოუკიდებლობის მოწოდებებით გამოდიოდა. ხალხს მობეზრებული ჰქონდა დანგრევის პირას მდგარი კორუმპირებული საბჭოთა რეჟიმი. საპროტესტო მოძრაობების მონაწილენი, რომლებსაც მზარდი ნაციონალიზმი უმაგრებდა ზურგს, საბჭოთა მმართველობის დასრულებასა და ახალი, უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნას ითხოვდნენ.

ხელისუფლება ზოგიერთ საპროტესტო გამოსვლას იტანდა, ზოგი კი სისხლში ჩაახშო. 1991 წლის აგვისტოს პუტჩის წარუმატებლობის შემდეგ, როცა მკაცრი კურსის მომხრე კომუნისტმა ლიდერებმა სცადეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, საბჭოთა კავშირში დომინოს ქვების ეფექტით მიმდინარეობდა ემანსიპაციის პროცესი. საბოლოოდ, წლის ბოლოსთვის, საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუკაზე გაჩნდა 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1991 წლის აპრილში ათასობით მუშა გამოვიდა მინსკში, ლენინის მოედანზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდისა და რესპუბლიკაში კომუნისტური პარტიის კონტროლის გამო.

1989 წლის 23 აგვისტოს ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს აქცია „ბალტიის გზის“ ან „ბალტიის ჯაჭვის“ სახელით იყო ცნობილი. ვილნიუსში (ფოტო) ცოცხალ ჯაჭვს წინ უსწრებდა დემონსტრაციები დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმელი თათრები მოითხოვდნენ სამშობლოში დაბრუნების უფლებას. 1988 წლის 6 მარტის ეს დემონსტრაცია ქვეყნის მასშტაბით გამართული პირველი მასობრივი საპროტესტო აქცია იყო, რომელიც საბჭოთა პრესამ გააშუქა. თათრები მასობრივად გაასახლეს ყირიმიდან მეორე მსოფლიო ომის დროს, მას შემდეგ, რაც სტალინმა მათ ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონიზმში დასდო ბრალი.

თბილისის პარლამენტის შენობის წინ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო ანტისაბჭოთა გამოსვლებით იყო მოცული. კულმინაცია იყო 9 აპრილის ღამე, როცა საბჭოთა ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია. დაიღუპა 20 ადამიანი, ძირითადად - ქალები. ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსკოვისგან საქართველოს დაშორებასა და საბოლოოდ დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

1989 წლის ივნისში მოლდოვის სახალხო ფრონტის მიერ მოწყობილი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც სახელმწიფო ენად მოლდავურის აღიარებას ითხოვდნენ.

უკრაინის სახალხო ფრონტის, „რუხის“ მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია კიევში. 1989 წ. ოქტომბერი.

1990 წლის 21 იანვარს ასიათასობით ადამიანმა მოაწყო ცოცხალი ჯაჭვი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვიდან კიევამდე 1919 წლის უნიფიკაციის აქტის წლისთავის აღსანიშნავად. ეს აქტი მიზნად ისახავდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანებას უკრაინის ერთიან სახელმწიფოდ.

საქართველოს ჯარისკაცი ცეკვავს თბილისის ცენტრში 1991 წლის 10 აპრილს, მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1990 წლის 15 თებერვალს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ლენინის მოედანზე, საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა სისხლიანი ამბოხების შემდეგ, როცა პოლიტიკურ სცენაზე ისლამისტები გამოჩნდნენ. ორი წლის შემდეგ დამოუკიდებელ ტაჯიკეთში დაიწყო სისხლიანი სამოქალაქო ომი და 1997 წელს დასრულებამდე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საბჭოთა კავშირის სიმბოლური დაკრძალვა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებელმა ახალგაზრდულმა კავშირმა მოაწყო კიევში, 1990 წ. 30 სექტემბერს.

უკრაინის სახალხო ფრონტის, „რუხის“ აქცია 1990 წ. 30 სექტემბერს, რომლის მონაწილეები საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდნენ.

ტანკები მოსკოვში, კალინინის გამზირზე, 1991 წლის პუტჩის დროს. 19-დან 22 აგვისტომდე მკაცრი კურსის კომუნისტებმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩივის ჩამოგდება და რეფორმების შეჩერება სცადეს. ათასობით მოსკოველი გამოვიდა პუტჩისტების წინააღმდეგ და გადატრიალება ჩაიშალა.

დემონსტრაცია მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მხარდასაჭერად 1991 წ. 27 აგვისტოს.

ბაქოს მაცხოვრებელი ლენინის პორტრეტის ჩამოგლეჯისას 1991 წ. 21 სექტემბერს. მანამდე თითქმის ერთი თვით ადრე აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1991 წლის ოქტომბერში ტაჯიკეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე რაჰმონ ნაბიევი და 24 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანდიდატს თანაბარი შანსები მიეცეს.

1991 წ. 13 იანვარს ქალი აპროტესტებს საბჭოთა ჯარების მიერ ვილნიუსის ტელეანძის დაკავებას. მანამდე ათი თვით ადრე ლიეტუვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს დღე სისხლიანი კვირადღის სახით შევიდა ისტორიაში - საბჭოთა ჯარებისგან ქალაქის დაცვისას ვილნიუსში 14 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაიჭრა.