ლევან რატიანი: ტყუილია იმის თქმა, რომ კოვიდმძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ამბობს, რომ კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების დამძიმების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მან თქვა, რომ კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა კლინიკას გამოჯანმრთელებული ტოვებს.

"ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ეწერება, ისე არ არის, რომ კოვიდმძიმე პაციენტის რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევაში, ვერ გავა ცოცხალი. ეს არის ცრუ ინფორმაცია...

ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს 5,1 პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტები გვეღუპებოდნენ იმის გამო, რომ დგებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ კოვიდმძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის სიცრუე", - თქვა ლევან რატიანმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ით გარდაცვლილია 7649 ადამიანი. 3 სექტემბრის მონაცემებით, 46 ათასზე მეტი ინფიცირებული პაციენტიდან 7210 ადამიანი საავადმყოფოშია, მძიმე პაციენტია 1577.