მარსზე მავალმა აპარატმა პლანეტის ნიადაგის პირველი სინჯი მოიპოვა

"პერსევერანსის" მიერ მარსზე გადაღებული ფოტო, ამაღლება "სანტა კრუსის" გამოსახულებით. 2021 წლის მაისი

მარსის თვითმავალმა, „პერსევერანსმა“, მეორე ცდაზე შეძლო მოეპოვებინა მარსის ნიადაგის სინჯი. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტო - NASA.

1 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ მარსის ნიადაგის მოზრდილ ელემენტზე გაბურღვისას ნიმუში არ დაიშალა, როგორც ეს მოხდა 5 აგვისტოს და მოხერხდა დიდი ლოდის შიდა ნაწილიდან სინჯის აღება. გავრცელებული ცნობით, დედამიწაზე გადმოცემული პირველი ფოტოებიდან ჩანს, რომ დაუზიანებელი სინჯი რეზერვუარშია მოთავსებული. NASA იტყობინება, რომ განათების ნაკლებობის გამო სურათები არაა მკაფიო და მისიის წარმატებაში დარწმუნებისთვის უკეთესი ფოტოები იქნება საჭირო.

შემდეგ ფოტოებს მარსიდან 4 სექტემბერს მოელიან.

მთელი წლის განმავლობაში მარსის თვითმავალმა ორასამდე სინჯი უნდა აიღოს სხვადასხვა ნიადაგიდან. მისია ხორციელდება ერთობლივად აშშ-ის სააგენტოს, NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ.
შვეულმფრენი „ინჟენიუიტი“, რომელიც თვითმავალ „პერსევერანსთან“ ერთად მიიტანეს მარსზე აპრილში, პირველი ძრავიანი აპარატია, რომელიც სხვა პლანეტაზე მართვად ფრენას ახორციელებს.
„პერსევერანსი“ მარსის, ეზეროს, კრატერზე 19 თებერვალს დაჯდა. ვარაუდობენ, რომ ღრმული ადრე წყლით იყო სავსე.
თვითმავალი ცდილობს, მარსზე სიცოცხლის ნიშანი მოძებნოს, შეაგროვოს ნიადაგის სინჯები, რომლებიც შემდეგ დედამიწაზე უნდა ჩამოიტანონ.
„პერსევერანსი“ მარსისკენ გაფრინდა შარშან ივლისში. მისიის ფარგლებში აპარატი „წითელ პლანეტაზე“ დედამიწის 700 დღეს დაჰყოფს.