ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში დღეს დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახსნა. ვაჟთა შორის, უმსუბუქეს წონით კატეგორიაში - 60 კილოგრამში, გიორგი სარდალაშვილმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

66 კილოგრამში საქართველოს სახელით თენგო ზირაქაშვილი გავიდა ტატამზე და კარგადაც დაიწყო - სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, მაგრამ... მერე ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა სამ წონით კატეგორიაში (48, 52 და 57 კილოგრამებში) გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს მონაწილე მხოლოდ ერთ წონაში ჰყავდა - ეთერ ასკილაშვილი 57 კილოგრამში ჩაება კონკურენციაში და შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 12-ში კი მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდება.