ამირან გამყრელიძე: ვითარება უმჯობესდება, მაგრამ არ უნდა დავმშვიდდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენასთან ერთად მოსახლეობამ რეგულაციები დაიცვას.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება შესაძლოა გახდეს ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მგზავრს ეკეთოს პირბადე. „ტრანსპორტში დაუშვებელი იქნება პირბადის გარეშე ადამიანების ასვლა. ასევე, სასურველია, რომ არ გადაიტვირთოს ტრანსპორტი. ამიტომ, ვიცი, რომ მეტროს მოძრაობა უფრო ინტენსიური იქნება. მატარებლებს შორის მოძრაობის პერიოდი შემცირდება, რომ უფრო ნაკლები ადამიანი იყოს ვაგონში. ასევე სასურველია, რომ ავტობუსებში დისტანცია იყოს დაცული. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, მაშინ ნაკლებია რისკი იმისა, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.