ცხინვალის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება

კორონავირუსის ძირითადად დელტა შტამი ვრცელდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ, სააგენტო „რესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აგვისტოში სანიტარულმა სამსახურმა ნიმუშები გააგზავნა სტავროპოლის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში, სადაც დაადგინეს, რომ ცხინვალში კორონავირუსის დელტა შტამია გავრცელებული.

„ხუთი ნიმუში ხარვეზიანი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი 39 ნიმუში იდენტიფიცირებულია და გამოვლინდა ინდური დელტა შტამი. ჩვენ ასეც ვვარაუდობდით, მაგრამ ახლა ჩვენ ვარაუდი კი არა, ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს", - განაცხადა კოჩიევამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს შტამი ყველაზე აგრესიულია. ძირითადად ახალგაზრდები და ბავშვები არიან ავად. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დაიცვან პირბადეების რეჟიმი, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, რათა შეამცირონ ინფიცირების რისკი. კოჩიევამ არ გამორიცხა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდეს ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულების დახურვა.

გასული დღე ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 ადამიანს სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ამჟამად 860 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დე ფაქტო ხელისუფლება კი თავისივე გაცემულ რეკომენდაციებს თვითონვე არღვევს, როცა ატარებს მასობრივ სამხედრო აღლუმს, სამხედრო წვრთნებს და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს, სადაც არც პირბადეების რეჟიმია დაცული და არც სოციალური დისტანცია.