დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიარაღებულ ძალებში მზადყოფნა გამოაცხადა ქვეყანაში შექმნილი საწვავის კრიზისის გამო.
გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის და მრეწველობის მინისტრ კვაზი კვარტენგის ინფორმაციით, არმიის ნავთობმზიდების მძღოლები მობილიზებულნი არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ საწვავის ტრანსპორტირებაში. მინისტრის თანახმად, სიტუაცია უახლოეს დღეებში გამოსწორდება, თუმცა, პრევენციული ზომების მიღება საჭიროა.
Tonight, British Army tanker drivers will be put on a state of readiness and deployed if necessary to deliver fuelWhile the fuel industry expects demand will return to normal levels in the coming days, it is right that we take this precautionary stephttps://t.co/0jTHYRujXV
— Kwasi Kwarteng (@KwasiKwarteng) September 27, 2021
დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებისთვის საწვავის მიწოდება გასული კვირის ბოლოდან შეფერხდა. ავტომფლობელებს დიდ რიგებში დგომა უწევთ. ბევრი ბენზინგასამართი სადგური დროებით დაიხურა. ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა ავტომობილების მფლობელები გააკრიტიკა, რადგან მისი განცხადებით, პანიკის და საწვავის მომარაგების გამო, ქვეყნის ბევრ რაიონში ქაოსი შექმნეს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საწვავის საკმარისი მარაგია, კრიზისის მიზეზი კი ბენზინმზიდების მძღოლების დეფიციტია. ამას ხელი შეუწყო ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ, რის გამოც, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასულმა მძღოლებმა მუშაობის უფლება დაკარგეს.
BBC სატვირთო გადაზიდვების ორგანიზაცია Freight UK-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში 90 ათასამდე მძღოლის დეფიციტია და ეს უარყოფითად აისახება სურსათით მომარაგების სფეროზეც.