გიორგი გახარია - „ოცნების“ გმირი და მოღალატე   

გიორგი გახარია

2012 წლამდე გიორგი გახარიას საქართველოში, ვიწრო წრის გარდა, თითქმის არავინ იცნობდა, მათ შორის არ იცნობდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ვისი მხარდაჭერის გარეშეც გიორგი გახარია, ალბათ, ვერ გაიკეთებდა შთამბეჭდავ პოლიტიკურ კარიერას. ყველაფერი კი 2013 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა იგი საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დანიშნა.

კარიერა:

  • 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე - ბიზნესომბუდსმენი
  • 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე - მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი
  • 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი
  • 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
  • 2017 წლის 13 ნოემბრიდან - 2019 წლის 8 სექტემბრამდე - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე - პრემიერ-მინისტრი
  • 2021 წლის 29 მაისიდან - პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე

2021 წლის 27 სექტემბერს კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში, გიორგი გახარია მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს, კახა კალაძესა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა მელიას ჩამორჩება:

  • კახა კალაძე- 43%
  • ნიკა მელია - 30%
  • გიორგი გახარია - 12%

საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილ თანაპარტიელსა და ლიდერს „კაცი არავინ“ უწოდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს „არავინ“ აქცია კაცად“.

გია ხუხაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანაშემწემ, არ უარყო თავისი წვლილი გიორგი გახარიას „პოლიტიკურ დაბადებაში“:

„ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: 1. მამამისმა მომიტანა CV 2. გავესაუბრე 3. გავაცანი ივანიშვილს 4. დავნიშნეთ ბიზნესომბუდსმენად 5. მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია“.

ბიოგრაფია საჯარო პოლიტიკამდე - მოკლედ:

გიორგი გახარია დაიბადა თბილისში, 1975 წლის 19 მარტს, ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში. ზაურ გახარია პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას მიერ დაფუძნებული სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ კოორდინატორია, მზია ლეჟავა კი საქართველოს ეროვნული არქივის ყოფილი თანამშრომელი.

  • 1992–1994 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე
  • 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი
  • 2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნესსკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი
  • 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი
  • 2008 წლის ნოემბერიდან 2013 წლის თებერვლამდე Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორია აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში

პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები:

გიორგი გახარია სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნისას ხშირად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ბიზნესომბუდსმენობისას კომპანია „ემ-ენ ჯორჯიას“ მფლობელმა ვახტანგ გოძიაშვილმა მას ბრალი დასდო ზეწოლაში, რომლის შემდეგაც კომპანია იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა. გახარიამ ბრალდებები უარყო:

„მივიჩნევთ, რომ მსგავსი განცხადებებით ბიზნესმენი, უპირატესობის მოპოვების მიზნით, განხორციელებული ქმედებების გადაფარვას ცდილობს“.

უკიდურესად ხმაურიანი აღმოჩნდა გიორგი გახარიას ორწლიანი შს მინისტრობა.

ჩატაევის ლიკვიდაცია

2017 წლის 21 ნოემბერს, როცა გიორგი გახარია ერთი კვირის დანიშნული იყო მინისტრად, თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, კიდევ ორი პირი ლიკვიდირებულ იქნა. სპეცრაზმელის დაღუპვამ და ოპერაციის ხანგრძლივობამ ბევრი კითხვა გააჩინა შს სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

სარალიძის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სასიკვდილოდ დაჭრეს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დარწმუნებით განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“, თუმცა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასაკავებლად საჭირო გახდა მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის 18-თვიანი მძაფრი საპროტესტო მოძრაობა და დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა.

ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ანაკლიის საქმე

2019 წელს გამოძიება დაიწყო „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. მათთან ერთად, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებდნენ ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლისა და მისი მამის, ავთანდილ წერეთლის კომპანიები. სასამართლო პროცესი, რომელსაც განსასჯელები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, დღემდე არ დასრულებულა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გადასცა, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს კი „იმედის“ ტრენდზე გადასვლა მოსთხოვა.

ანაკლიის პროექტს პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც „თიბისი ჯგუფის“ მაშინდელ ხელმძღვანელებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წლის ტრანზაქცია გაუხსენეს და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება შეუწყვიტა და ოფიციალურ მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ უარყო ბრალდებები და მუქარის წერილის არსებობა.

„მალე დაესმება წერტილი ამ წერილის ისტორიას. პროკურატურა, რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, დაიწყებს გამოძიებას, გახარია კი იქნება პირველი, ვინც მივა და ჩვენებას მისცემს”, - განაცხადა მან.

ბასიანის საქმე

2018 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ღამის კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. კლუბებში შეიარაღებული სპეცრაზმი შეიჭრა. შსს-მ განაცხადა, რომ დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი, თუმცა, როგორც გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილზე აიყვანეს.

სპეცოპერაციას თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეები შს მინისტრისგან მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ.

14 მაისს, აქციაზე გიორგი გახარია მივიდა და მის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო.

„მოდი დავიწყოთ ბოდიშით: ბოდიში!“ - მიმართა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გაააქტიურებდა.

პანკისის ოპერაცია

2019 წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო პოლიციასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალებისა და ტექნიკის შეყვანამ უკიდურესად გააღიზიანა ადგილობრივები. პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა შეკრებილებს, რომლებმაც დაწვეს და დაამტვრიეს შს სამინისტროს მანქანები და ტექნიკა, ასევე ჰესების მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი. საღამოს პანკისის ხეობაში მინისტრი, გიორგი გახარია ჩავიდა და აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდებოდა მანამდე, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობას არ დათანხმდებოდა. შსს-ს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 38 პოლიციელი, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

გავრილოვის ღამე

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება და მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია. გვიან ღამით სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები, გაზისა და წყლის ჭავლი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა: 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.

„20 ივნისი ჩემი მორალური ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ“, - განაცხადა მოგვიანებით გიორგი გახარიამ, რომელმაც კატეგორიულად უარყო, რომ 20 ივნისის დარბევა „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.

გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწერა სიმღერა „როცა ბაშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია!“, ხოლო შს მინისტრის გვარმა შეიძინა რითმული წყვილი „თვალთხარია“.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნა

„ქართულმა ოცნებამ“ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ წარადგინა. მმართველი პარტიის არც ერთ წევრს, არც კენჭისყრის დროს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეჭვი არ შეუტანია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწინაურებული ლიდერის პროფესიონალიზმსა და ღირსებაში.

„მთავარი, რის გამოც გიორგი გახარია ამ პოზიციაზე შეირჩა, ის არის, რომ ჩვენ შორის საუკეთესოა“, - თქვა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო სიის პირველი ნომერი

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი გახარია მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო და მას უკიდურესად დადებითად ახასიათებდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე:

„ვფიქრობ, ის იმსახურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა COVID-19-ის გამო, მან პროცესების ეფექტური მართვა უზრუნველყო. მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“.

„ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გახარიას გადადგომა

გიორგი გახარიასადმი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მისი თანამდებობიდან გადადგომისა და საკუთარი პარტიის დაფუძნების შემდეგ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა 2021 წლის 18 თებერვალს მას შემდეგ, რაც მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება, რადგან, მისი თქმით, „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.

2021 წლის 29 მაისს გიორგი გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსათვის“, რომელშიც მმართველი პარტიიდან წასული ბევრი სახელმწიფო მოხელე გაწევრიანდა.

7 ივნისს ღია წერილი გაავრცელა „პოლიტიკიდან წასულმა“ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გიორგი გახარიას გადადგომას „საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“ უწოდა.

"კოკაინშიკი და იუდა"

გიორგი გახარია და მის მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსათვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

როგორც კომპანია „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ აჩვენა, გიორგი გახარიას თბილისის მერობას გამოკითხულთა 12% უჭერს მხარს და ამ მაჩვენებლით, ის მხოლოდ კახა კალაძეს (43%) და ნიკა მელიას (30%) ჩამორჩება.

გიორგი გახარიას განსაკუთრებული სიმძაფრით ყოფილი თანაგუნდელები აკრიტიკებენ.

„მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ კი ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკი“ (კოკაინის მომხმარებელი) უწოდა.

გიორგი გახარიამ ბრალდების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად მიმართა არა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც ეს კახა კალაძემ გააკეთა, არამედ ავსტრიაში მდებარე ლაბორატორიას („FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“), რომელმაც, თმის ნიმუშის კვლევის საფუძველზე, დაასკვნა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ უდასტურდება.

„არა ჩადებას“, - დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ facebook-ში, სადაც ასევე გამოაქვეყნა ავსტრიული კლინიკიდან მიღებული დასკვნა.