შალვა პაპუაშვილი ურჩევს ოპოზიციას და არასამთავრობოებს, თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადონ

„მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც 2020 წელს არც კი დაიცვეს თამარ ჟვანია და ასევე, მთავარ ბრალმდებელს, ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში თამარ ჟვანიას და გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ ნდობა არ გამოუცხადეთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა 5 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ბრალდებები, რომლებიც ისმოდა 2020 წელს თამარ ჟვანიას მისამართით, „იყო ფარსი და ტყუილი“.

პაპუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას და ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს და თქვა, რომ სამწუხაროა, რომ მას არც ოპოზიციამ და არც არასამთავრობოებმა თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს.

შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მმართველი პარტიისათვის „მერვედ მიცემული ლეგიტიმაციისათვის“.