ინტერნეტში სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება - ნახეთ კადრები

სოციალურ ქსელებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. სააკაშვილი 1 ოქტომბერს საღამოს დააკავეს.

გავრცელებული კადრები სულ 22-წამიანია. მათში ჩანს, რომ იმ დროს, როცა სამართალდამცავები სააკაშვილის დასაკავებლად მივიდნენ, მაგიდაზე რამდენიმე თეფში, რამდენიმე ჭიქა, პური, მინის ბოთლები და ერთ ყუთი იდო.

კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების მომენტში ოთახში მინიმუმ ექვსი ადამიანი იყო. მათგან ხუთი კადრებშიც ჩანს, ერთი კი ვიდეოს იღებდა.

"წესია უბრალოდ", - ამ სიტყვებით იწყება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ადებენ ბორკილებს სააკაშვილს სამართალდამცავები.

"უკრაინაშიც ერთხელ უკვე დამადეს", - პასუხობს სააკაშვილი.

პოლიციელი: წამობრძანდით

სააკაშვილი: წყალი შეიძლება დავლიო?

პოლიციელი: დალიეთ

პოლიციელი: "კურტკა" არ გქონდათ არაფერი?

პოლიციელი: იქ ხომ იყო რაღაც?

სააკაშვილი: ჩანთაში დევს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.