ზელენსკიმ 95 პირს სანქციები დაუწესა ყირიმში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებასთან კავშირისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უვადო პერსონალური სანქციები დაუწესა 95 პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებასთან. როგორც აღნიშნავენ, მათ შორის არიან როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეები.

იმათი უმრავლესობა, ვის წინააღმდეგაც დაწესდა სანქციები, არჩევნებში კანდიდატების რანგში მონაწილეობდა. მათ გარდა სანქციები შეეხო ტერიტორიული საარჩევნო კომისიების წევრებსა და ფსბ-ს თანამშრომლებს.

ზელენსკიმ ასევე სანქციები დაუწესა რუსეთის სამ კომპანიას. მათ მიმართ შემზღუდავი ზომები სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, რესურსების, ფრენისა და გადაზიდვების ტრანზიტის შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე და სხვ.

ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განხორციელდა, როცა ნახევარკუნძულზე შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და მათი კონტროლის ქვეშ ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე. ის უკრაინის კანონების დარღვევით გაიმართა. კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში იღებს ყირიმსა და სევასტოპოლს.

უკრაინა ყირიმს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთისგან ითხოვენ, უარი თქვას ანექსიაზე და დააბრუნოს ნახევარკუნძული. კრემლი აცხადებს, რომ ყირიმის კუთვნილების საკითხი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.