დმიტრო კულება: "სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ უცხოეთში"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინის დიპლომატებს მუდმივი კავშირი აქვთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან.

„ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან, მასთან კაშირი აქვთ ადვოკატებს, შეუფერხებელი წვდომა აქვს კონსულს. მასთან უკვე შედგა რამდენიმე საუბარი, რომლებშიც მკაფიოდ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია“, თქვა კულებამ.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ

უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, მისი სამინისტრო ახლა არკვევს საქმის იურიდიულ მხარეს და გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენ კი ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ უცხოეთში. ამიტომ, როცა გადაწყდება, რა გზით ვიაროთ, ეს კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“, აღნიშნა კულებამ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკანასკნელ წლებში უკრაინაში ცხოვრობდა, 1 ოქტომბერს დააკავეს რუსთავში, სადაც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება პატიმრობაში.

ასევე ნახეთ წულუკიანი სააკაშვილზე: ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის

მის წინააღმდეგ აღიძრა კიდევ ერთი საქმე - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული. მას საქართველოს სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.