თალიბების რეგიონული პოლიციის უფროსი დაიღუპა კუნარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად

თალიბანის მიერ დანიშნული პოლიციის უფროსი დაიღუპა და 11 ადამიანი დაიჭრა 14 ოქტომბერს კუნარის პროვინციის დედაქალაქ ასადაბადში ბომბის აფეთქების შედეგად. თვითმხილველებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობეს, რომ ბომბის მიზანს წარმოადგენდა მანქანა, რომლითაც შიგალის რაიონის თალიბების პოლიციის უფროსი გადაადგილდებოდა.

მოძრაობა თალიბანის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა აფეთქების დეტალების გამხელაზე უარი თქვეს.

ადგილობრივი საავადმყოფოს ანონიმმა ექიმმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ცნობა, რომ აფეთქების შედეგად დაიჭრა 12 ადამიანი და დაიღუპა შიგალის რაიონის პოლიციის უფროსი, აბდულა ირფანი, რომელიც ამ თანამდებობაზე თალიბანმა დანიშნა.

ამ თვეში ავღანეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა 3 ოქტომბერს ქაბულში მდებარე იდგახის მეჩეთის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად. თალიბების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰედის თანახმად, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მეჩეთში მისი დედის გამოსამშვიდობებელი ლოცვა აღესრულებოდა.