ქალები სტალინურ ბანაკებში - ნაქარგები, საკერებლები

საკაბე ჩამონაჭერი, ნასკვი, ძველმანი, თითისტარი, გვირისტულა, სარჩული - ასე ჰქვია "საერთაშორისო მემორიალის“ მიერ მოსკოვში მოწყობილი გამოფენის („მატერია - ქალების მეხსიერება გულაგზე") სექციებს. ჩამოთვლილ სიტყვებს, გარდა პირდაპირისა, აქვთ გადატანითი მნიშვნელობაც. ყველა მათგანი გამოიყენება გულაგის მსხვერპლ ქალთა განსხვავებული მდგომარეობის აღსაწერად. მაგალითად „საკაბე ჩამონაჭერი“ დაპატიმრების მეტაფორაა - ადამიანი ერთ ღამეში უხეშად მოკვეთეს (ჩამოჭრეს) ნორმალური ცხოვრებიდან. ჩამოჭრის შემდეგ პატიმარი ქალი სულ სხვა პირობებში აღმოჩნდება:

ქალები ძნელად იტანდნენ ჭუჭყს, ბაღლინჯოების ურდოებს, ტილებს, ვირთხებს, გადავსებულ პარაშებს ციხეებში, ბანაკების აქოთებულ საპირფარეშოებს, ყაზარმების სიმყრალესა და სივიწროვეს. ასეთ პირობებში უხდებოდათ მრავალი წელი ცხოვრება. ელემენტარული პირადი ჰიგიენის დაცვაც კი მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას - თოვლით დაბანას, როცა წყალი არ იყო; სუფთა ჩვრების შოვნას მენსტრუაციის დროს; არშეგუებას ჭუჭყიან და დახეულ ტანსაცმელთან; სამუშაოს შემდეგ ტანსაცმლის გაშრობას და რეცხვას.

გამოფენის კედელზე გაკეთებული ეს წარწერა ხელით არის ამოკაწრული

თეთრი ასოებისგან შედგენილი ეს ტექსტი გამოყვანილია უსიცოცხლო ნაცრისფერ ფონზე. მოსკოვში, "საერთაშორისო მემორიალის" მიერ მოწყობილი გამოფენის მთელი დიზაინი სწორედ ამ ფერზეა აგებული. არქიტექტორებმა კირილ ასმა, ნადეჟდა კორბუტმა და ეკატერინა ტინიაკოვამ დარბაზის სივრცე უხეში ბეტონის ბლოკებით გადატიხრეს. ექსპონატები კედლის ამ უხეშ ზედაპირზეა დამაგრებული. კონტრასტის გამო საცოდავად და დაუცველად გამოიყურება როგორც პატიმართა ძველი, დაკერებულ-დაკემსილი ტანსაცმელი, ასევე კაშკაშა ნაქარგები, რომლებსაც სამკერვალო ფაბრიკების პატიმარი მუშა ქალები ქმნიდნენ.

„საერთაშორისო მემორიალი“ ოცდაათი წელი აგროვებდა ამ კოლექციას. როგორც ორგანიზაციის არქივის მცველი და მისი გამგეობის წევრი, ირინა ოსტროვსკაია ამბობს, მისთვის ცნობილია, თუ ვინ ფლობდა ამა თუ იმ ნივთს, თუმცა ეტიკეტებზე ეს ინფორმაცია განგებ არ არის მითითებული.

არქივის მცველის მონათხრობი

- ეს ნივთები ჩვენთვის უსახელო და უპატრონო ნამდვილად არ არის. თითოეულის ლეგენდა ვიცით და, რა თქმა უნდა, ვიცით იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებმაც ეს ყველაფერი გადმოგვცეს, თუმცა იმის გამო, რომ გამოფენა სახელწოდებით „მატერია“ მაინც კრებითი, კოლექტიური სახის მატარებელია, აქ წარმოდგენილი ნივთები და მათი მფლობელები მითითებული არ არის. მითითებულია მხოლოდ ბანაკი, სადაც ექსპონატი შეიქმნა. და საერთოდაც, გამოფენა მრავალი თვალსაზრისით მაინც მხატვრულია და არა - დოკუმენტური.

თოჯინის ფარდაგი. 1939 წ. ალჟირი (АЛЖИР – Акмолинский Лагерь Жен Изменников Родины - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკი აკმოლაში)

ჩვენი ექსპონატები - ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნივთებია, რომლებსაც მთელი ცხოვრება ინახავდნენ. ზოგჯერ ეს იყო ბანაკის მეგობრის ხსოვნა, ზოგჯერ - ხელნაკეთი საჩუქრები, რომლებსაც დედები ბანაკიდან უგზავნიდნენ შვილებს; ზოგჯერ ეს იყო ტანისამოსი, რომელსაც პატიმარი ქალები ატარებდნენ და, მინდა გითხრათ, რომ ბანაკის ტანისამოსი სრულიად უნიკალური სამუზეუმო ჟანრია, რადგან შემორჩენილია ძალიან მცირე რაოდენობით. ბევრმა თავიდან მოიშორა, როცა გათავისუფლდა, მაგრამ თუკი სხვა რამის ჩაცმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მაშინ მას ბოლო ძაფამდე არ ატარებდნენ. შესაბამისად, შესანახიც არაფერი რჩებოდა, მაგრამ ხანდახან ამ ნივთებს მაინც ინახავდნენ და ამას აკეთებდნენ გაუაზრებლად, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ნივთებიც, რომელთა შენახვა კარადაში უცნაურია, თუმცა, ამავე დროს, მათი გადაგდებაც შეუძლებელია.

ქალთა ბანაკების სამკერვალო ფაბრიკების პროდუქცია

გამოფენა გულაგის ქალთა ხსოვნის შესახებ დიდი ხნის წინ ჩავიფიქრეთ, მაგრამ არა და არ გამოგვდიოდა, სანამ არ გაგვიჩნდა აზრი, რომ ქალების ბედი მატერიის - ქსოვილის ნაჭრის საშუალებით გვეჩვენებინა. ამგვარი რამ მიზანშეწონილად გვეჩვენა იმის გამო, რომ სამკერვალო და ქსოვის წარმოება ძალიან გავრცელებული იყო ქალთა ბანაკებში. როდესაც კონცეფციასთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდით, დაბნეულობა გაქრა, რადგან თავიდან, როდესაც ჩვენი კოლექციის ყველა ნივთი გავშალეთ, არ გვესმოდა, როგორ უნდა გვემუშავა საგნების მთელ წყებებთან. საქმე ის არის, რომ ჩვენს წინ იდო დიდი რაოდენობით ხელსაქმის ძალიან კარგი ნიმუში. როგორც იტყვიან, პირდაპირ "მარჯვე ხელების" ნახელავი! მაგრამ არ ჩანდა ბანაკები და ციხეები. აღმოჩნდა, რომ საკმარისია იმის ჩვენება, თუ რა პირობებში შეიქმნა ეს ნივთები.

"ვალინკი". შრომა-გასწორების ბანაკი "მშენებლობა №503". 1949-1953. იგარკა

ვინაიდან ბანაკში ცხოვრება არანორმალური და არაადამიანურია, ჩვენ შესაბამის განყოფილებას ვუწოდეთ „უკუღმა პირი“. უწინარეს ყოვლისა, ბანაკში არ იყო გათვალისწინებული ქალების ფიზიკურ-ფიზიოლოგიური მახასიათებლები, მათი განსხვავება მამაკაცებისგან. ქალები და კაცები ერთნაირ ბარაკებში ხვდებოდნენ. არ იყო განსხვავება ჩაცმულობაში, მათ ერთნაირად აცმევდნენ, კერძოდ, ერთსა და იმავე დაბამბულ ჯუბას, ე.წ. ტელოგრეიკას. საშინელი პრობლემა იყო ფეხსაცმელთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვფინეთ ასეთი ჯუბა, ძალიან დიდი ჩექმა და კიდევ უფრო დიდი თექის ჩექმა, ე.წ. ვალინკი. თუ თქვენი ფეხი 35 ან თუნდაც 38 ზომისაა, ალბათ მოუხერხებელი იქნება ამ ფეხსაცმლით სიარული. 1948 წელს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის უნიფიცირებამ დამატებითი „მორთულობა“ შეიძინა ნომრების სახით. გამოფენაზე ვაჩვენებთ მკერავის სამუშაო კაბას (ზურგზე ამგვარი ნომრით), რომელიც ქალმა თვითონ შეკერა. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რა რაოდენობის ნაკუწებისგან შედგება იგი.

ვალენტინა ბუხანევიჩის კაბა

ჩვენი გამოფენა კიდევ ერთი უნიკალური კაბით იწყება. საზაფხულოა, კრეპისგან შეკერილი, მაგრამ ასეთია გარედან, შიგნიდან კი სხვა და სხვა ნაჭრის 20-მდე საკერებელი აქვს დადებული, მათ შორის ე.წ. ვაფლის პირსახოცებიდან გაკეთებულიც. კაბა ეკუთვნოდა ვალენტინა ბუხანევიჩს, რომელიც იყო ტრეტიაკოვის გალერეის მკვლევარი, ძველი რუსული მხატვრობის სპეციალისტი. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მას ბედმა გაუღიმა, რადგან ვალენტინა ივანოვნამ ციხეში მხოლოდ ერთი წელი გაატარა. გამოვიდა 1939 წელს, როდესაც ბერიას პატარა დათბობა დადგა, მაგრამ, მანამდე სრული ერთი წელი გაატარა ციხეში. ქმარიც დააპატიმრეს. შესაბამისად, ამანათების მიმტანი არავინ იყო, თუმცა გამოძიების დროს ამანათების გადაცემა ისედაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, პატიმრობის მთელი ვადა ერთ კაბაში გაატარა. საკანში საცვლებით იჯდა, კაბას „გასასვლელად“ ინახავდა. ბუნებრივია, „გასვლაში“ დაკითხვებზე გაყვანა იგულისხმება, სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდა, მაგრამ დასაკითხად ხშირად გაჰყავდათ, კაბაც მთლიანად გაიცრიცა. ციხის ჯიხურში სულ რამდენიმე დასახელების ნივთის ყიდვა შეიძლებოდა: მოსაწევი ქაღალდის, წინდების და რატომღაც პირსახოცების. წინდებიდან დასაკემს ძაფებს იღებდა, პირსახოცებისგან კი საკერებლებს აკეთებდა. აი, ასეთი კაბა შემოინახა ვალენტინა ბუხანევიჩმა. შესაძლოა, ესმოდა მისი ფასი, რადგან მუზეუმის თანამშრომელი იყო.

ფრჩხილების "ქლიბი"

ძველი, გაცრეცილი კაბა არ არის ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ ციხეში ქალები ცდილობდნენ არ დაცემულიყვნენ, ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ადამიანური ღირსება. განსაკუთრებულ ნივთებს შორისაა კერამიკული ფინჯნის ნატეხი, რომელიც სათუთად მოთავსებულია მოქარგულ ტომსიკაში. ტომსიკას თავი ეკვრება მოსაჭერი მარყუჟით, ნატეხი კი გამოიყენებოდა ფრჩხილის სახეხი ქლიბის სახით.

სრულიად განსხვავებულია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატი, რომლის დანიშნულებას გამოფენის დამთვალიერებელი, სავარაუდოდ, ეტიკეტის წაკითხვის გარეშე ვერ დაადგენს. არა და, ეს წვრილი თოკი ბოლოებში ხის პატარა სახელურებით, სხვა არაფერია, თუ არა პურის ულუფების დასაჭრელი ძაფი.

პურის გასანაწილებელი თოკი. კარლაგი, 1942-1944 წწ

ძაფებმა და ქსოვილებმა, რომლებიც ძვირად ფასობდნენ, მნიშვნელოვანი სამსახური გასწიეს. ვინაიდან ბანაკში ქაღალდი აბსოლუტური დეფიციტი იყო, წერილებს თეთრ ნაჭერზე წერდნენ. გარდა იმისა, ნაჭრის დამალვა და გადატანა უფრო იოლია, ჩხრეკისას არ შრიალებს. შესაბამისად, შმონის დროს ტილო თავს არ გაყიდის.

სათამაშო-ქისა, შეკერილი კომუნელა მარკსმენის მიერ თბილისის ორთაჭალის ციხეში 1948 წელს.

ქისა-ჯამბაზი თბილისის ორთაჭალის ციხის ყოფილმა პატიმარმა გადმოგვცა. ამ ქალმა მითხრა: „თუ ციხეში ჩაჯდომა გიწერია, ინატრე ჩაჯდე თბილისში. იქ უკეთესია“. ეს ქალი ეკუთვნოდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას სახელწოდებით "ბერიას სიკვდილი!" ექვსი წევრიდან ერთადერთი გოგო იყო. ამ ახალგაზრდებს ბერიას მოსაკლავად არაფერი გაუკეთებიათ და საერთოდაც არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობდნენ. ციხეში, კოლეგების მორალური სულისკვეთების შესანარჩუნებლად, ჩვენმა გმირმა მოიფიქრა ანეკდოტების კონკურსი. საუკეთესო მთხრობელს ერგებოდა პრიზი - სწორედ ეს ჯამბაზი, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან კარგი გამოვიდა, დაენანა მისი დათმობა. ამასობაში დედამ მოაკითხა ამანათის გადასაცემად. ასე მოხვდა ლამაზი ნივთი დედის ხელში და, ამ გარემოების წყალობით, ჯამბაზმა ჩვენამდეც მოაღწია.

ძალიან მოვიწადინეთ, ძალიან გვიყვარს ჩვენი გმირები. ყველა ვერ გადარჩა, ყველა ვერ მოესწრო გათავისუფლებას, ვინც კი გადარჩა, რა თქმა უნდა, ისინი მთელი სიცოცხლე ტრავმირებული იყვნენ.

ამის მონელება შეუძლებელია. ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ითქვას ამ გამოფენაზე: რამდენი წელიც უნდა შევისწავლოთ ეს თემა, ჩვენ მხოლოდ დაახლოებით თუ წარმოვიდგენთ, რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ აქ, რბილ სკამებზე ვსხედვართ ელექტროგანათების ქვეშ და ვკითხულობთ სხვის მოგონებებს. რა იყო სინამდვილეში, ჩვენ არ ვიცით. მთავარი წყარო, რომელსაც ვეყრდნობით, მონათხრობია. არ აქვს მნიშვნელობა ეს წერილობითი მოგონებებია თუ - ჩაწერილი ზეპირი ისტორიები, ისინი ჩვენ არ დაგვიწერია, ჩვენ მხოლოდ ვკითხულობთ. ადამიანმა დაწერა ისე, როგორც შეძლო. მართლა ასე იყო თუ არა, ძნელი სათქმელია. იქნებ, მხოლოდ ის დაწერა, რისი გახსენებაც შეძლო, რისი საშუალებაც ფსიქიკამ მისცა? გასაგებია, რომ ვცდილობთ ყველაზე საშინელი, ყველაზე საზარელი, გამოვდევნოთ ჩვენიდან. ზოგ შემთხვევაში კი, ალბათ, ვერც კი გაბედეს ქაღალდზე ჩაწერა. ამიტომაც, ჩვენ, მკვლევრები, მხოლოდ ვუახლოვდებით სიმართლეს და, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, რამ მოხდა სინამდვილეში, რადგან ყოველივე ამას ჩვენი კანით, ჩვენი სხეულით ვერ შევიგრძნობთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უსაზღვროდ თანავუგრძნოთ და შევეცადოთ გავუგოთ.