საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შემდგარად გამოაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა.
დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კალანდარიშვილმა თქვა, რომ საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში, ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული ინციდენტების გამო, რამდენიმე უბანზე მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი, რასაც მთლიან პროცესზე გავლენა არ ჰქონია. კალანდარიშვილის თანახმად, კონკრეტული დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციას ადეკვატური რეაგირება ექნება.
რაც შეეხება ბათილ ბიულეტენებს, ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, დღის განმავლობაში ამ საკითხს შეისწავლიან: „არ ვფიქრობ, რომ იქ ნამდვილად რაღაც გადაჭარბებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუმცა, დეტალურად ჩვენ გავეცნობით, ასევე, მოვახდენთ ანალიზს შესაბამისი რაოდენობის სხვა წლებთან მიმართებაში, პირველ ტურთან მიმართებაში და ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი ანალიზის განხორციელების შემდეგ მოგახსენებთ“.
გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცედურების თანახმად, კონკრეტული ბიულეტენის ბათილად მიჩნევა-არმიჩნევის საკითხს საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს და თუ დადასტურდება კომისიის არასწორი გადაწყვეტილების რომელიმე შემთხვევა, არსებობს რეაგირების სამართლებრივი გზები ზემდგომი კომისიების მხრიდან. ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, სამართლებრივი გზებით ისარგებლოს.
ასევე ნახეთ
რაც ვიცით 100%-ით - II ტურის შედეგებიასევე ნახეთ
წინასწარი შედეგებით, ოპოზიციამ საკრებულოებში 42-დან 15 მანდატი მიიღოცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 272 საჩივარი, მათგან 121 დამკვირვებლებისგან და 151 საარჩევნო სუბიექტებისგან. ცესკოს თანახმად, საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს 4 დღის ვადაში განიხილავენ. მათი საბოლოო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2-დღიანი ვადა არსებობს. სასამართლოებმა საჩივრები 2 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ.
ახალი საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს ხმების გადათვლის პროცედურებს. თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც მეორე ტური ჩატარდა, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად შეაჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.
30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის. მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამოქმედო გეგმას 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე გამოაცხადებს თბილისში, პარლამენტთან დაგეგმილ შეკრებაზე.