არჩევნებში "ქართული ოცნების" ერთადერთი დამარცხებული კანდიდატი კონკურენტს გამარჯვებას ულოცავს

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგა გულორდავა მის კონკურენტს, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამარჯვებულ გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს. გულორდავა მმართველი პარტიის სახელით გასულ მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დამარცხებულია.

"წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს", - წერს გულორდავა "ფეისბუკზე".

წალენჯიხაში მერის ასარჩევად ჩატარებულ მეორე ტურში ასეთი შედეგი დადგა:

  • #5 გიორგი ხარჩილავა ("ნაციონალური მოძრაობა) - 51,11%;
  • #41 გოგა გულორდავა ("ქართული ოცნება") - 48,89%.

ხარჩილავამ არჩევნებში 7250 ხმა აიღო, მისმა კონკურენტმა კი 314 ხმით ნაკლები - 6936 ხმა.

ასევე ნახეთ რაც ვიცით 100%-ით - II ტურის შედეგები

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს.