ცესკო აცხადებს, რომ 201 უბნის ბიულეტენების გადათვლას შედეგები არ შეუცვლია

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ბიულეტენების გადათვლის პროცესით, არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები არ შეცვლილა. ამ საკითხზე ბრიფინგზე უწყების სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

"საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა უკვე პირველი ტურის შემდგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას და ზოგადად საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია", - აღნიშნა სპიკერმა.

ასევე ნახეთ 30 124 ბათილი ხმა - ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვის

ჯამში გადათვლილია 201 უბნის ბიულეტენები.

ცესკოს პრესსპირკერის თქმით, ოლქებმა შეასრულეს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მითითება და კანონით გათვალისწინებული 5-5 უბნის ნაცვლად 7-7 უბნის შედეგები გადათვალეს.

ასევე ნახეთ სად რა არჩევანი გაქვთ მეორე ტურში

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.