ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე პოლიციამ 3 ნოემბერს გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რა საქმეზე დაიკითხა ქალი, რომელმაც 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, მას შემდეგ საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად დატოვა, ტელეფონი გამორთო და ადვოკატსაც აღარ შეხვდა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მოითხოვენ პროკურატურამ გამოიძიოს იზა ჩირგაძის მიერ საჯაროდ გაჟღერებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტი.
პოლიციაში გამოკითხვაზე იზა ჩირგაძე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა, გამოკითხვის შემდეგ კომენტარი მხოლოდ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს მისცა.
დღეს, 4 ნოემბერს ტელეკომპანია"ფორმულასთან" საუბრისას იზა ჩირგაძემ თქვა, რომ პოლიციაში ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აღარ სურს საუბარი და გაჩუმებას აპირებს. ჩირგაძემ ილაპარაკა ასევე მის მიმართ ტელეფონით და ფეისბუკზე მიღებულ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებზე, რამაც აიძულა, გამოერთო ტელეფონი და განმარტოებულიყო ოჯახთან ერთად.
Your browser doesn’t support HTML5
“ვაპირებ, გავჩუმდე“
პოლიციაში გამოკითხვამდე იზა ჩირგაძე ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა მის კუთვნილ ბინაში, ქუთაისში. 3 ნოემბერს ის ოჯახთან ერთად "ფორმულამ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იპოვა, ოჯახის ახლო ნათესავის სახლში, თუმცა იქ მედიასთან კომენტარი არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ გაუკეთებიათ. გამოკითხვის შემდეგ ჩირგაძე ქუთაისში დაბრუნდა. მან მასთან ბინაში მისულ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა, რომ აღარ სურს მედიასთან საუბარი. იგი იყო აღელვებული და ითხოვდა, თავი დაანებონ მას და მის ოჯახს. ჩირგაძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
“ის ფაქტი, რომ მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიები იყვნენ მისი გამოკითხვისას პოლიციასთან და სხვები არა, ასევე ის, რომ მას არ ჰყავდა ადვოკატი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არ იყო თავისუფალ გარემოში და არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი. ჩვენ გვაქვს პირველ რიგში კითხვები მმართველი პარტიის მიმართ და ეს ეჭვები მხოლოდ გამყარდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი ტელევიზიების დაბარებით პოლიციასთან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება. ფაქტია, რომ ის არის დაშინებული. ძალიან რთულია ასეთი ფაქტის გასაჯაროება და ჩვენ ეს გვესმის” - უთხრა რადიო თავისუფლებას “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ. მისი ორგანიზაციის ადვოკატი 1 ნოემბრის შემდეგ ცდილობს იზასთან კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ. ნინო დოლიძე იზა ჩირგაძის საჯარო განცხადებას არჩევნების გაყალბების შესახებ სამოქალაქო გმირობად მიიჩნევს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას იმაზე მსჯელობისთვის, გახდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი.
ასევე ნახეთ ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას აიძულებდაიზა ჩირგაძემ 1 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ქუთაისის მერობის კანდიდატთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოყვა, როგორ აიძულებდა მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას. მან თქვა, რომ უკავშირდებოდნენ "ქართული ოცნებიდან" და მისგან ითხოვდნენ უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცა. ქალმა ასევე თქვა, რომ ამავე პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის ხელი შეეშალათ, როცა ის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიდიოდა და შესთავაზეს "უყიდდნენ ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა". მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.